ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა და რეაქცია, რომელიც შემდეგ ვნახეთ, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ყალიბდება ხოლმე აღქმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართულმა ოპოზიციამ და ენჯეოსექტორმა წარმოაჩინეს სახე და ევროპის დონეზე შეგვარცხვინეს.
„ძალიან კარგი მაგალითია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა და რეაქცია, რომელიც შემდეგ ვნახეთ. მათ შორის, გუშინ შემაჯამებელი „ტვიტი“ დაწერა და უნდა ნახოთ ის სიძულვილის და მუქარის კორიანტელი, რომელიც მას კომენტარებში აქვს. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ და ენჯეოსექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხვინეს. მაგრამ, კარგი მაგალითია ზუსტად ეს, როგორ ყალიბდება ხოლმე აღქმები. მათ რაც გააკეთეს გუშინ, თუ ამ დღეებში, ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დააბრალეს ლამის კრემლთან კავშირი და თავის მომხრეების ნაწილში ალბათ ეს აღქმა შექმნეს და ზუსტად ის სიძულვილი, რომელიც მის „ტვიტებს“ მოჰყვა, ამის მანიშნებელია და ეს აისახება ხოლმე შემდეგ თავად, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვენებში.
ერთ პასაჟს წაგიკითხავთ კიდევ ეუთო/ოდირის დასკვნიდან, რომელიც საქართველოს ეხება, რომელსაც ცდილობენ, თითქოს სათავისოდ მოირგონ. საუბარია, რომ კამპანიის განმავლობაში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე განხორციელებული წნეხის შესახებ. ამ ცნობებთან ერთად, არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე აღრიცხვამ გააჩინა წუხილი, რამდენად შეძლებდა ზოგიერთი ამომრჩეველი შიშის გარეშე არჩევანის გაკეთებას. მთელი ეს აბზაცი, ორი წინადადება არის აწყობილი იმ აღქმებზე, რომელიც იქმნებოდა ცნობების გამო და ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ. ამაზე ვსაუბრობდი კიდევაც, რომ იქმნებოდა საინფორმაციო ხმაური, რომელიც შემდეგ გავლენას მოახდენდა, შემდეგ რა თქმა უნდა აისახება სხვადასხვა ანგარიშებსა თუ სხვადასხვა ჯგუფების აღქმებში, თითქოს იყო დაშინება ან ზეწოლა, მაგრამ კარგია, რომ ეუთო/ოდირი ზუსტად ამას უსვამს ხაზს, რომ იყო ცნობები ზეწოლასთან დაკავშირებით. თავად ეუთო/ოდირი არცერთ ადგილას არ ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტები არსებობდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.