ეუთო/ოდირის დასკვნა

21 დეკემბერი 2024, 12:03 80 ნახვა

ეუთო-ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის შესახებ შემაჯამებელ პრესრელიზს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საბოლოო ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც ხმის მიცემის დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის უფლებას, ხმა მისცენ შურისძიების შიშის გარეშე.შემაჯამებელი პრესრელიზის თანახმად, არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები საკმარისად არ განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია რომ „2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა შეამცირა პოლიტიკური პარტიების წლიური ხარჯვის ზღვარი და აკრძალა იურიდიული პირების შემოწირულობები, რაც პასუხობს ეუთო/ოდირის ზოგიერთ წინა რეკომენდაციას; ანგარიში მოიცავს რიგ რეკომენდაციებს არჩევნების ჩატარების გასაუმჯობესებლად.
ეს მოითხოვს ცვლილებებს როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში, რათა გადაწყდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების დაბალ ნდობასთან, ამომრჩევლების შესაძლებლობასთან, ხმა მისცენ შიშის გარეშე და, ამავდროულად, გაიზარდოს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა ყველას საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის შემაჯამებელ პრესრელიზში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში