ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია - ოთხი ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი განცხადება

21 დეკემბერი 2024, 10:02 98 ნახვა

„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ოპოზიციური გაერთიანებების განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია.

„ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია, აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

 

საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, 26 ოქტომბრიდან ატყუებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას შეეძლო „ქართლი ოცნების“ მიერ ძალაუფლების უზურპაციისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება. ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა დასკვნამ და რეკომენდაციების ერთობლიობამ თავის შინაარსით დაადასტურა საარჩევნო შედეგის არალეგიტიმურობა, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია. კერძოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი.

 

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, რომლის შეფასებაც არის ეუთო/ოდირის მანდატით განსაზღვრული, იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი, მრავალი დარღვევებით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა. ეუთო-ს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა ამომრჩევლის მხრიდან, რაც აისხა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. კონკრეტულად დასკვნა ხაზს უსვამს შემდეგ დარღვევებსა და ნეგატიურ გარემოებებს:

 

1. უახლესი კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს გულისხმობს და რომელმაც ნეგატიური ეფექტი იქონია ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე;

 

2. საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების პოლიტიზება საარჩევნო მიზნებისთვის;

 

3. ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველს ეზღუდებოდა შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემა;

 

4. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით ხმის მიცემის პროცესის ვიდეო ჩაწერა, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი;

 

5. არჩევნების შემდგომ პერიოდში, საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობა;

 

6. საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მათ შორის მონაწილეების დაპატიმრება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა;

 

7. მედიის პოლარიზება და ინსტრუმენტალიზება, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვა;

 

6. პოლიტიკური დაფინანსების არასათანადო მონიტორინგი და რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ;

 

8. განსაკუთრებული ზეწოლა საჯარო მოხელეებზე;

 

9. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობა.

 

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად“, – წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში