ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

20 დეკემბერი 2024, 17:56 165 ნახვა

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალან ბერსეს ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით. საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი, სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ყოველმხრივ დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, წამების აკრძალვის აბსოლუტური და ხელუხლებელი უფლება, ფიზიკურად გაუსწორდა და უკანონო პატიმრობაში ამყოფებს საქართველოს ასობით მოქალაქეს; იყენებს კრიმინალურ, არაფორმალურ დაჯგუფებებს მოქალაქეების დაშინებისა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ამასთან, საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ავტორიტარულ დიქტატურას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რეპრესიული რიჟიმისათვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.

მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა მკაფიო განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტი არ ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის მხილებისთვის, მიგვაჩნია, რომ ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო, არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით. ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.

ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. რუსულ კანონში რაიმე სახის საკანონმდებლო ცვილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“ მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სხვა ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება, ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე. აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში.

მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში