ევროკავშირის სანქციების პრევენცია - მამუკა მდინარაძე აქციებზე

09 დეკემბერი 2024, 21:45 307 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოსი მიმდინარე საპროტესტო ტალღის აგორებას ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ პრევენციულ მოქმედებას უწოდებს. „დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 არის ის რიცხვები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად, ამის პრევენცია მოვახდინეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ წინსწრებით, დავასწარით და მათ არეულობის რესურსი 100-ჯერ შევუმცირეთ“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით „16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე .ასე რომ, მოდით, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში“.

მამუკა მდინარაძის თქმით, მოსალოდნელი საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად გაკეთდა განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

„ჩვენ თუ ახლა ტურბულენტობა სამი და ოთხი ბალის მივიღეთ, შეიძლება, ორჯერ მეტი ტურბულენტობა ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები. გახარიამ აღიარა რისთვის ემზადებოდნენ. ახალ წლამდე ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა. მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა, პირველი ფაზა უნდა დავამთავროთ ტრამპის ინაუგურაციამდეო. მეორე ფაზა რას ნიშნავს, უკვე კითხვა და კომენტარებიც კი ზედმეტია. მეორე ფაზა არის ომი, ქაოსი ამ ქვეყანაში. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და უმალვე ომის დაწყება. ჩვენ თითქოს, რაღაცებს ვიგონებთ და თავადვე წამოსცდებათ ხოლმე ეს ამბები. 16-17 დადასტურდა, ინაუგურაციამდე მათი გეგმების პირველი ნაწილი დადასტურდა, რაღა დარჩა. დარჩა კიდევ კითხვის ნიშნები? აღარ დარჩა. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ვინც კი შესაძლოა, ოდნავ მაინც ობიექტურად მოფიქრალი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში