ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დააკავეს - დაკავებულია რამდენიმე სტუდენტიც

09 დეკემბერი 2024, 16:54 448 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დააკავეს. დაკავებულია ასევე უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი.

დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები ჯგუფური ძალადობის მუხლით არიან აყვანილები.

დავით ჯაფარიძე აჭარის მაუწყებელთან ყვება, რომ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორი სტუდენტებთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აგიტაციას ეწეოდა, რის გამოც დეკანისგან შენიშვნა მიიღო და ადვოკატის განცხადებით ლექტორსა და დეკანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დავით ჯაფარიძის თქმით, კამათის შემდეგ დეკან, მამუკა ჯორბენაძეს, თეა ცაგურიას მეუღლე და მეგობარი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტის შემსწრე სტუდენტები კი გაშველების მიზნით პროცესში ჩაერთნენ.

დეკანი უკვე გამოიკითხა ბათუმის პოლიციის სამმართველოში და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სტუდენტები კი ჯერჯერობით კვლავ სამართველოში იმყოფებიან.

ადვოკატის ინფორმაციით, კანონმდებლობის მიხედვით დეკან მამუკა ჯორბენაძის სასამართლო პროცესი მაქსიმუმ 72 საათში უნდა ჩაინიშნოს.

საკითხზე კომენტარი არ გააკეთა უნივერიტეტის რექტორმა, სადაც დაპირისპირება მოხდა. ასევე უცნობია მომჩივანი მხარის პოზიცია და ის თუ რა მიზეზით დააკავეს აღნიშნული პირები 3 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი კვირის შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში