ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია 

06 დეკემბერი 2024, 10:51 218 ნახვა

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე, შეზღუდონ ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის, - აღნიშნულია ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად.

სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. სეიმმა რეზოლუცია 109 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში