უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

03 დეკემბერი 2024, 11:01 140 ნახვა

თბილისში ზედიზედ 5 ღამეა იკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც  ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქართველი სამართალდამცავები პარლამენტის წინ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებდნენ - ნათქვამია სააგენტო როიტერსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში.

ქვეყანაში თვეების განმავლობაში იმატებს დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპონენტებს შორის, რომლებიც მას  მზარდი ავტორიტარული, ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. თბილისის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები ხელახალ სამართლიან არჩევნებს და ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებას მოითხოვენ. საქართველოს სიმართლის მომენტი - მომიტინგეები დასავლურ კურსს ითხოვენ და არა რუსულ წარსულს - ასე ასათაურებს ბი-ბი-სი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებულ ვრცელ სტატიას.

ღამღამობით, ქართველები მთლიანად ავსებენ ფართო ცენტრალურ პროსპექტს, რომელიც გადის პარლამენტის წინ. ისინი იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით და  ავტორიტარულ ხელისუფლებას რუსი მეზობლის გავლენის სფეროში დაბრუნების მიზნით ევროპული მომავლის წართმევაში ადანაშაულებენ. ბი-ბი-სი წერს, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება, კატეგორიულად უარყოფს კრემლთან რაიმე კავშირს, მაგრამ მისმა ქმედებებმა ბოლო დღეებში დიდი კითხვები გააჩინა ამ ქვეყნის პროდასავლურ მომავალთან დაკავშირებით. 

შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს რთულად მოპოვებული სტრატეგიული პარტნიორობა შეუჩერა. ეს არის საკონსტიტუციო კრიზისი, რომელსაც არ აქვს აშკარა გამოსავალი, თუ რომელიმე მხარე არ დათმობს - წერს გამოცემა.  

დაიხევს თუ არა ხელისუფლება უკან, თუ საპროტესტო აქციები პოლიციის ზეწოლის ქვეშ დაიშლება? „არავითარი მოლაპარაკება“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება. ბი-ბი-სი ქართველი მომიტინგეების  განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისინი დეკემბრის ყოველ ღამე გამოვლენ, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის პოლიტიკას და არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში