საპროტესტო აქცია

29 ნოემბერი 2024, 10:10 176 ნახვა

დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა აქცია თბილისში მთელი ღამის განმავლობაში. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები.  პერიოდულად პოლიცია აქციის მონაწილეების  დაშლას ცდილობდა.  მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მიმდებარე ქუჩებზე გადავიდა. სადაც მათ ქუჩები ნაგვის ურნებით გადაკეტეს და ცეცხლი მოუკიდეს.

ღამის 2:00 საათიდან  საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. სპეცრაზმი იყენებდა წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, აქციის მონაწილეების თქმით  მათ შორის გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, და ე.წ. წიწაკის სპრეი. ორგანიზატორების ინფორმაციით აქცია დღეს 19 საათზე განახლდება.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ცნობისთვის პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

ვინ შევა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის აპარატი გადაწყვეტს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში