საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა

27 ნოემბერი 2024, 11:01 114 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.

მიხეილ ყაველაშვილი მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში