სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ პარლამენტის ეზო სრულად დაიკავეს

15 ნოემბერი 2024, 14:50 93 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის შენობასთან დაძაბულობაა. აქციის მონაწილეები სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურას აპროტესტებენ. ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ე.წ პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სატვირთო ავტომობილით გაარღვიეს რკინის ღობე. 

საპასუხოდ ე.წ პარლამენტის შენობიდან სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს  ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შეკრებილებმა რამდენიმე მათგანი უკან გაისროლეს. ე.წ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, მომიტინგეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

ვითარების დაძაბვის შემდეგ  შეკრებილებთან მოლაპარაკებისთვის გამოვიდნენ ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ  მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ. ბოლო ცნობებით, აქციის მონაწილეები ე.წ პარლამენტის ეზოს იკავებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში