ცესკოს ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

05 ნოემბერი 2024, 13:16 320 ნახვა
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

როგორც მათ დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, ამის მიზეზი არის ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

„არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის დარღვევას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ.

ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას",- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.

ამასთან, ცესკო-ს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის გიორგი სიორიძის თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სასამართლომაც დაადასტურა, რაც ფაქტს უტყუარად ადასტურებს.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში