საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში

03 ნოემბერი 2024, 17:59 215 ნახვა

მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებიან, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია  ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.

არჩევნებისთვის გაიხსნა 2 218 საარჩევნო უბანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა გამოავლინეს პრო-რუსული პარტია „შორისა“ და ბლოკ „გამარჯვების“  წევრები, რომლებიც მოქალაქეებს არჩევნებში „ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ“ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.

ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია "ევრაზიასთან", მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული "პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მოლდოვის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა იონ მუნტეანუმ 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე 800-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი