გვაქვს 81 ფაქტი, როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და დღესვე წარვუდგენთ პროკურატურას - მდინარაძე

01 ნოემბერი 2024, 13:17 310 ნახვა
 

81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი გვაქვს, როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინაიდან ოპოზიცია ამ თვალსაზრისით არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს და უწყებაში მტკიცებულებებს წარადგენენ.

"გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მსგავსი მრავალი ფაქტი ამოვარდება. გუშინ წინ ჟურნალისტებს და საზოგადოებას შეგპირდით, რომ კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. ვინაიდან ისინი მტკიცებულებებს ვერ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ვინაიდან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ, რათა ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლოს მსგავსი სავარაუდო დანაშაულების ჩადენა.

 

რას შეეხება 81 ფაქტს – კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ, ვიცით და იდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ საკუთარი თავი სიიდან ამოღებული ხდვებოდათ. ირკვეოდა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ იყვნენ დანიშნული მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში. ხშირ შემთხვევაში, მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან.

ანუ, დავუშვათ, პირობითად მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი ამომრჩეველი რომ მივიდოდა საბურთალოზე თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო, მაგალითად, სამტრედიაში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ ხმის მიცემას. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში, დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად, მაყვალა ხატიაშვილი რეგისტრირებულია დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ დანიშნული იყო 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში, სადაც ჩაწერილია თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა, რადგან აღმოჩნდა ამბროლაურში მე-10 საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში „ევროპული საქართველოდან“ დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე. ნუგზარ ირემაძეს ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და ხულოში, 23-ე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა გვაქვს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოჰპარეს ხმა და ამ კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ხმა მიეცა იქ, სადაც არის ჩაწერილი და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. ისინი ამოღებული იყვნენ საარჩევნო სიიდან, რადგან სპეცსიაში იყვნენ შეყვანილი მოტყუებით, მათი პირადი მონაცემების მოპოვებით, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ბუნებრივია, ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ, გამოიძიონ ეს საკითხები, ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს არის გამოძიების საქმე. საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც მოქალაქეს ხელი ეშლება, თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან დარღვევები ასევე გამოვლინდა გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში.

„სქემა ნომერი ორი – აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ, ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცათ ხმა. როდესაც აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს მოქალაქეებს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ ამის შესახებ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო ფურცელზე. ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.

 

მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის, ქვედა საქარის ნომერ 38-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“. ხელმოწერები არ იყო, როდესაც დაბრუნდა უბანზე, რადგან მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად, არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, გაბათილდებოდა მონაცემები.ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის საფუძველზე მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ასევე მოიპოვეს ინფორმაცია სხვაგვარ შემთხვევებზე, მაგრამ ვიდრე კონკრეტული მტკიცებულება არ ექნებათ, ამაზე მანამდე არ ისაუბრებენ.

„გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში როგორ ცდილობდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, მაგრამ ვიდრე არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებთ. ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, ვიდრე კონკრეტული ფაქტები არ გვექნება.

ახლა ვსაუბრობთ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა, ზოგ შემთხვევაში, მათ ვერ მოახერხეს, რადგან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, წასულიყო სხვა საარჩევნო უბანზე. აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვისაუბრე. სალომე ზურაბიშვილის ერთი ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, სადაც არ უნდა გათხარო, თუ რაღაცას რომ ამბობდა, ამ დაბრალებებით მართლა მათ გამოთხარეს ისეთი რაღაცები, რასაც არ ელოდნენ. ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რისი მცდელობებიც სახეზე გვაქვს და, ზოგ შემთხვევაში, განხორციელებით დამთავრებული დანაშაული. ამიტომ, საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება, თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჩვენი წარმოდგენით, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოიპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს თავისი საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, იყო მცდელობა ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ, დამატებით წარმოგიდენთ. არცერთ საკითხთან დაკავშირებით ჰაერზე არ ვილაპარაკებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი