ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის გარეშე. დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან: პარტია “ახლების” , “ლელოს”, “საქართველოსთვის” დეპუტატები, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი პოლიტიკური განცხადებისა და მმართველი გუნდის კრიტიკის შემდეგ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „ქართულ ოცნებაში“ სიცრუესა და დემაგოგიას უწოდებენ ოპონენტების ბრალდებებს და მათ სიბრაზეს არჩევნებით გამოწვეულ მარცხს უკავშირებენ. დღესვე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 19 საკითხზე იმსჯელეს საკრებულოს წევრებმა. მათ შორის ქონებების გადაცემის, 2 ობიექტზე კა-2 კოეფიციენტისა და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძე უძღვებოდა.