როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას, სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია - პაპუაშვილი

31 ოქტომბერი 2024, 11:54 265 ნახვა

ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინისა და მოლდოვის შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90%-ს შეასრულებს, რითაც არსებითაც მიუახლოვდება ევროკავშირის წევრობას.

“მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინებს - ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინები უფრო პოლიტიკური განცხადებებია, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია - ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და “ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითაც მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც მზად ვართ, ამავე მიზნით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი