არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, იმიტომ, ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების რეზიდენციაშოპოზიციასთან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ხვალ 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
"არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, იმიტომ, ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამ ქვეყანაში ამისთვის არ ჩამოვსულვარ, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენი შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი.
მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი და მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას და მე მინდა რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმით დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად და ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად, არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს 7 საათზე რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.