მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

27 ოქტომბერი 2024, 16:25 235 ნახვა

მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფაიკ ოზთრაქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოზთრაქის თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ნატო-სგან ცალკე არსებული სტრუქტურაა. მე ვსაუბრობ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორობა საქართველოსთან დაიწყო 25 წლის წინ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა. რაც შეეხება საერთო ფასეულობებს, ინდივიდუალური  თავისუფლებები, დამოკრატია და ასევე კანონის უზენაესობა, ეს არის ნამდვილად აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი და ეს მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის.

 

მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, 2022 წლის თებერვალში, გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად. ასევე ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. საჯაროდ განვაცხადეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი შედეგებიც მეორე ტესტი იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაკვირდეთ ამ არჩევნებს და როდესაც მოგვიწვიეს, მივიღეთ მოწვევა, რადგან ჩვენ საქართველოში ყველა არჩევნებს 2008 წლიდან მოყოლებული ვაკვირდებოდით.

 

ჩვენს განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე უარყოფითი ელემენტი, რაც დავაფიქსირეთ ამ არჩევნების დროს. პირადად მე, რაც მაწუხებდა, იყო შემდეგი საკითხები. დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე დაშინების და ზეწოლის შემთხვევები ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნის გარეთ, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი პირობები, ამასთან, განხეთქილების შემომტანი რიტორიკა. ჩემი მოვალეობაა, ვისაუბრო ამ არჩევნებზე და მოვამზადო ანგარიში, რათა შემდეგ უკვე ასამბლეამ ხელახლა გადასინჯოს, ახალი კალიბრით შეამოწმოს და განაგრძოს თავისი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. საქართველო დიდ სირთულეებს აწყდება დემოკრატიული რეფორმების და კონსოლიდირების გზაზე, ამიტომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული გამძლეობის ცენტრის შექმნა და ეს უნდა მოხდეს ნატო-ს შტაბბინაში. ასევე მნიშვნელოვანია, დაცულ იქნას დემოკრატია და ეს გახდეს რესურსი ჩვენი წევრებისთვის, ასევე საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას“, – განაცხადა ფაიკ ოზთრაქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი