ბათუმის ახალი სასპორტო კომპლექსის ესკიზი

13 აპრილი 2017, 00:00 4974 ნახვა

ესკიზური ვარიანტი, რომელიც შპს "სტადიონმა" მოგვაწოდა დამუშავების პროცესშია, მასზე შპს "სენსონი" მუშაობს, რომელმაც  სასპორტო სკოლის მშენებლობის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მოიგო. აჭარის მთავრობის მფლობელობაში არსებული შპს "სტადიონი" სასპორტო სკოლის საპროექტო სამუშაოებისთვის 420 ათას ლარს გადაიხდის.  

შპს "სტადიონის" დირექტორის სულხან ხალვაშის განცხადებით ამ ეტაპზე სავარაუდო ესკიზი არსებობს. "ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და შენობის ფერები იქნება სხვა. საბოლოო პროექტს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მაისის პირველ კვირაში ჩაგვაბარებს" - აცხადებს ხალვაში.

სატენდერო მონაცემებით, სასპორტო სკოლა ლეონიძის ქუჩაზე, 21 500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, მას ექნება მინიმუმ 120 ადგილიანი პარკინგი, მათ შორის დიდი ავტობუსებისთვის.  "სასპორტო სკოლა ითვალისწინებს არა მხოლოდ დარბაზის მშენებლობას, არამედ კომპლექსის შემადგენლობაში იქნება დმინისტრაციული შენობა, კაფე,  საკონფერენციო დარბაზი, რომელიც მინიმუმ 35 კაცზე იქნება გათვლილი,  ასევე 120 საწოლიანი სასტუმრო" - აცხადებს სულხან ხალვაში.

რაც შეეხება დარბაზებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით  სასპორტო სკოლაში იქნება უნივერსალური დარბაზი, 2 400 კვადრატული მეტრი ფართობის, რომელიც  2500 მაყურებელს დაიტევს.  

იქნება დამატებით 9 სპეციალური სპორტული დარბაზი: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზები. ასევე, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, ბერძნულ/რომაული ჭიდაობის, სპორტული ცეკვების, კრივის, ტაეკვონდოსა და  ჭადრაკის დარბაზები.

სასპორტო სკოლის დასრულება 2018 წელს იგეგმება, სასპორტო სკოლამ ჭადრაკში ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი