შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, ოპოზიციის უკიდურესად ძალადობრივი აქციების დროს სამინისტრო მოქმედებდა კანონის შესაბამისად - პრემიერი

24 ოქტომბერი 2024, 13:43 257 ნახვა
 
 

შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც შეეხება ოპოზიციის კონკრეტულ აქციებს, რომელზეც საუბრობთ, ეს აქციები თავისი შინაარსით იყო უკიდურესად ძალადობრივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო შტურმი საქართველოს პარლამენტის შენობაზე და ამას ჰქონდა სათანადო რეაგირება შსს-ს მხრიდან.

„იყო შტურმი უმთავრესი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და ამაზე შსს-ს ჰქონდა სათანადო რეაგირება. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ამ ინციდენტების მიღმა, შსს თავიდან ბოლომდე მოქმედებდა კანონისა და იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს აკისრია მოქალაქეების წინაშე. მიმდინარეობს გამოძიება როგორც ამ ინციდენტებზე, ასევე მომიტინგეების მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ აქტებზე, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც სათანადოდ დასრულდება. გახსოვთ, მაგალითად, როდესაც გახარიამ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და გაზი, რით დასრულდა ეს ყველაფერი. წყლის ჭავლი და გაზი არის ყველაზე რბილი საშუალებები, რაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს ძალადობრივი შეკრების წინააღმდეგ. რაც შეეხება შსს-ს საქმიანობას, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გახდა შს მინისტრი, თქვენ ხედავთ, როგორია ყველა სპეცოპერაციის მიმდინარეობა, აბსოლუტურად პროპორციულია თითოეული მოქმედება, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ნებისმიერ ქმედებაზე აქვს პროპორციული მიდგომა.

"ჩვენი მიდგომა არის ის, რომ პროპორციული უნდა იყოს ნებისმიერი ქმედება. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ამის მიღმა, შსს მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. გახსოვთ, რა მიდგომები იყო 2012 წლამდე ამ ქვეყანაში, როდესაც მომიტინგეებს კლავდნენ და შემდეგ მათ ცხედრებს ათავსებდნენ ჯიხურებზე. დღეს შსს-ს მიდგომა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ხედავთ, როგორია კონკრეტული აქტები, რომლებიც ხორციელდება მათ შორის ევროპაში, აშშ-ში. იყო შემთხვევები, როდესაც ბრუტალური ფორმით დაშალეს, დაარბიეს მიტინგები. ეს მიდგომები და ხელწერა არ არის დამახასიათებელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენ გვაქვს პროპორციული მიდგომა. არსებობს გამოძიების მაღალი სტანდარტი, შარშან, ლამის, მთელი თბილისი გადაწვეს მოძალადე მომიტინგეებმა და ერთადერთი ადამიანი იყო დაჭერილი ამისთვის, ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელსაც იყო უამრავი დანაშაულებრივი აქტი, რაც განხორციელდა მომიტინგეების მხრიდან. ამასთან ერთად იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი მეორე მხრიდან, ყველაფერთან დაკავშირებით წარიმართება გამოძიება. რატომ არ ითხოვთ სასწრაფო წესით იმ მომიტინგეების დაკავებასა და დაპატიმრებას, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს სჩადიოდნენ? რატომ არ სვამთ კითხვას, დღემდე რატომ არ არიან დაკავებული მოძალადე მომიტინგეები? მაღალი სტანდარტია გამოძიების და ორივე მიმართულებით გრძელდება გამოძიება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი არის განსაკუთრებული, რომელიც აქტიურად მუშაობას საფრთხეების პრევენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში