მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა - მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

22 ოქტომბერი 2024, 10:18 314 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში დილიდან გამოიდარა. ხულოში ინტენსიური თოვის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება, ასევე მიმდინარეობს სასმელი წყლის მიწოდებისა და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.

თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აღწევს, რის გამოც შეფერხებები შეიქმნა დასახლებებში. ნაადრევად მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა ხე-მცენარეები  და ელექტროგაყვანილობის ხაზები.

ამ დროისთვის  შუქი არ მიეწოდება  შუახევსა და ხულოს,  მიზეზი ხიჭაურსა და ღორჯომის თემში მთავარი ძაბვის სადენის დაზიანებაა. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, სამუშაოებში აჭარის გარდა გურიისა და სამეგრელოს დამხმარე ჯგუფებიც არიან ჩართული. ენერგომომარაგება დღის ბოლოს უნდა აღდგეს. თოვლმა შეფერხებები გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესშიც, უამინდობის გამო ბაღებში მშობლებმა აღსაზრდელები არ მიიყვანეს, მოსწავლეთა დაბალი აქტივობაა სკოლებშიც.

 

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში