"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე.
"წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ გახდა მათი საარჩევნო მარცხის მიზეზი ბოლო 12 წლის განმავლობაში.
რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება.
პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს, და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.
ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა?
სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.
„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას - წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე.
აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია გაეროს არაერთი დეკლარაციით, რომელთა მიხედვითაც „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება ჩაერიოს, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე მიზეზით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში.“
ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ.
მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს.
უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.