23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 205 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

23 სექტემბერი 2024, 11:39 146 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია.

უწყების ცნობით, მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს.

„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი ათი ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს, მათ შორის, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე ლოკაციაზე იბარებს. ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 303 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც ერთ კილოგრამ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის. ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან ერთ კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი