აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი 2024, 11:28 206 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

„წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს სწრაფი რეაგირებისთვის და გეგმის წარმოდგენისთვის. ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებში აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს. ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება.

თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები სულადობის პრინციპის შესაბამისად განაწილდება. სამხედროები 50-80 და 100 კვ მეტრის ბინებს მიიღებენ. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, ამას ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი უზრუნველყოფს. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. ზოგადად, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი