როშკა-არხოტის 36 კმ-მდე საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაოები გრძელდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

13 სექტემბერი 2024, 12:51 182 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-დან, ხევსურეთის სოფელ როშკამდე 6 კმ-იან მონაკვეთზე, არხოტის უღელტეხილის გავლით სოფელ ამღამდე და სოფელი ახიელიდან სოფელ ჭიმღამდე 18 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაიჭრება და რეაბილიტირდება 36 კმ-მდე საავტომობილო გზა, საიდანაც 28 კმ სრულიად ახალი გზა იჭრება.

11 კმ-იანი საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები 2023 წელს დასრულდა, მიმდინარე წელს გზა გაიჭრება სოფელ ამღამდე, ხოლო სრულად პროექტი 2025 წელს დასრულდება.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარებს ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე. 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია და 18 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა. გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების - სახიდე გადასასვლელებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები. ახალი საავტომობილო გზა გრუნტიანი იქნება, სადაც ჩატარდება საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოებიც.

პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონი ლარით ფინანსდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში