ბესო ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა

12 სექტემბერი 2024, 21:17 327 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 12 სექტემბერს, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.  
ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან  იძებნებოდა.
დადგენილია, რომ  ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.  
ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით  თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ  ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი. დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს.
2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი  უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა. 
იმავე დღეს,  ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს.
ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.   
გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა  განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის გახსნა. 
ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.
აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს წარმატებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი