10 სექტმებრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

10 სექტემბერი 2024, 11:23 99 ნახვა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22.6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველი სხვადასხვა აქტიობით კახეთის ყველა რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, მიმდინარეობს.

"ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.

მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს"- განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში