ბათუმის საკრებულომ შპს "ბათუმი რივიერას" მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
კონცეფციის თანახმად, ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირებული იქნება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.
პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სექტემბრის ბოლოდან გეგმავს.