საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად სჭირდება.
„ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.
„კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა“-აღნიშნულია განხცადებაში.
როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.