„დემოკრატიის ფესტივალის“ აქტივობები თავისი არსით შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად - შალვა პაპუაშვილი

11 აგვისტო 2024, 12:52 359 ნახვა

ფაქტია „დემოკრატიის ფესტივალის“ აქტივობები, თავისი არსით, შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც დანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ზოგიერთმა – წესების დარღვევაც, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. როგორც იგი ამბობს, ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. 

„საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ზოგიერთმა მათგანმა წესების დარღვევაც დაიწყო, მათ შორის, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებით. როგორც ჩანს, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საარჩევნო დარღვევების გზას დაადგნენ იმის იმედად, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ამ ფაქტზე თვალს დახუჭავენ. ბოლო ამგვარი დარღვევა იყო ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) და დაფინანსებულია დანიური მხარის მიერ. ეს ღონისძიება უკვე სამჯერ გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მას არც დემოკრატიასთან და არც ფესტივალთან დიდად კავშირი არ აქვს და, ამასთან, პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით: უპირველეს ყოვლისა, ამ „ფესტივალის“ ზოგიერთი ორგანიზატორი თავადვე პოლიტიკოსია სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის ნიღბებში. ეს ფაქტი, თავისთავად, ჩვენი ოპონენტების ფარისევლობის კიდევ ერთი ფაქტი იქნებოდა, მაგრამ საქმე უფრო უარესადაა, რადგან ამჯერად „ფესტივალს“ უცხო ქვეყანა – დანია აფინანსებს.

 

საქართველოს კანონმდებლობა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას. თუმცა EECMD-ის დამფუძნებელი და რამდენიმე თანამშრომელი პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩაბმული, პარტია „ლელოსთან“ არსებული გაერთიანების ქვეშ. უფრო მეტიც, ორგანიზატორების მიერ ფესტივალში მონაწილეობისთვის შერჩეული პოლიტიკური პარტიები აღნიშნულ ფესტივალს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, პოლიტიკური აგიტაციის გზით ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას, არიგებენ საკუთარი პოლიტიკური პარტიების ბროშურებს, დგამენ სააგიტაციო ბანერებს და სხვა. სინამდვილეში, ეს წარმოადგენს წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიას უცხოური ფულის გამოყენებით. შეიძლება არის მოლოდინი, რომ ნებისმიერი რამ, რაც სიტყვა „დემოკრატიას“ მოიცავს, არის დემოკრატიული ან დემოკრატიის შესახებ. თუმცა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სწორედ არადემოკრატიული მმართველობით ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ბანერი.

 

სააკაშვილი მსჯავრდებულია რამდენიმე მძიმე დანაშაულში და სამართლიან სასჯელსაც იხდის. დამნაშავის პოლიტიკური დღის წესრიგის ამგვარი წახალისება წარმოადგენს დანაშაულზე დაფუძნებული მმართველობის გამართლებას და რომანტიზებას. ფაქტია, რომ ფესტივალის ფორმატის სამართლებრივი მხარე პრობლემურია. მისი აქტივობები თავისი არსით წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აგიტაციის მხარდაჭერას უცხოური დაფინანსების გზით. ეს შეიძლება მივიჩნიოთ საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად, რაც არსად არ იქნებოდა მისაღები, მათ შორის, არც დანიაში. ამ მასშტაბის დარღვევები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შესაბამისი აქტორის მხრიდან შესაბამის განმარტებას საჭიროებს. ხალხი იმსახურებს პასუხს. ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის წესებსა და პროცედურებს. თუმცა, საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებისა და მედიის მხრიდან არსებული კითხვების მიუხედავად, დანიის საელჩო დუმს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი