შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს - ჯოზეფ ბორელი

10 აგვისტო 2024, 20:39 115 ნახვა

ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს, - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ, ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება.

„შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში, სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.

ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ, სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის დროს სკოლაში „ჰამასის“ 20-მდე ტერორისტი იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში