UNIKO-ს მოსწავლეებისთვის ბათუმის გამწვანების სამსახურმა, მწვანე მეგობრობის კამპანიის ფარგლებში შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო

07 აგვისტო 2024, 12:27 197 ნახვა
 

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს მოსწავლეებისთვის ბათუმის ლანდშაფტური დაგეგმარებისა და გამწვანების სამსახურმა, მწვანე მეგობრობის კამპანიის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების, შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო.

ახალგაზრდებმა სათბურში მოინახულეს თესლების გამოსაყვანი მანქანა-დანადგარები, ასევე შეისწავლეს ყვავილების და გამორჩეული ხე-მცენარებიის ნერგების გამრავლებისა და დარგვის სქემა.

"აკადემია UNIKO წლებია, რაც უამრავ ახალგაზრდას ლანდშაფტის დიზაინს ასწავლის. დღეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაიაზრეს თუ რამდენად დასაქმებადი, მოთხოვნადი და აქტუალურია ეს პროფესიები, ასევე გამოთქვეს სურვილი მოხალისეობრივად ჩაერთონ მიმდინარე პროექტებში და მონაწილეობა მიიღონ ბათუმის კიდევ უფრო გალამაზებასა და გამწვანებაში”, - აცხადებს აკადემია UNIKO-ს დამფუძნებელი და დირექტორი მზია მამაგულაშვილი.

სასათბურე ტურის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, სადაც დაათვალიერეს ტურისტული არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა, გაიცნეს ბაღის მოვლის სპეციფიკა და პროფესია მებაღეობა, შეხვდნენ წარმატებულ აგრონომს, ლანდშაფტის დიზაინერს, რომელთა პროფესიონალიზმიც ჩვენი ტურისტული ზონის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობასა და სილამაზეს უზრუნველყოფს.

"16 წელია ამ სფეროში ვარ და როდესაც ვუყურებ ჩემს მიერ დარგული, პატარა ნერგები როგორ იზრდება სულ სხვანაირი სიყვარული და განცდა მეუფლება. შუა ღამეს გამოვსულვარ ყინვაში, მცენარეებისთვის ფოთლებიდან თოვლი გადმომიფერთხავს, რათა სიმძიმისგან ტოტები არ დამტვრეოდა. თითოეული ხე  საკუთარი შვილებივით მიყვარს”,- აცხადებს მებაღე, მამუკა საფარიძე. 

UNIKO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და კამპანიის იდეის ავტორის, მარიამ პაკაცოშვილის განცხადებით, მსგავსი აქტივობების მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ჩვენი ქვეყნისთვის იმ უმნიშვნელოვანესი პროფესიების პოპულარიზაცია, როგორებიცაა: მებაღეობა, აგრონომია, ლანდშაფტის დიზაინერობა და სხვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში