წინასაარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოიკვეთა უცხოური ჩარევა - პაპუაშვილი

06 აგვისტო 2024, 14:50 61 ნახვა
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოიკვეთა პროცესში უცხოური ჩარევა.

მისივე თქმით, „დემოკრატიის ფესტივალი“ უცხოური დაფინანსებით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო პროცესის დარღვევაა და ამის მაგალითია დანიის საელჩო.

"იმ „ავტორიტარიზმის ფესტივალზე“ როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ეს დღეებია ტარდება, ვხედავთ, რომ ხალხის რეაქციაზე ამას არანაირი გავლენა არ აქვს, წინასაარჩევნო პროცესის დარღვევაა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის უცხოური დაფინანსებით პლატფორმის მიცემა, საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევაა. მეორე მხრივ, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის ბანერები და მისი რეკლამირება. დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის და მთავრობის მიმართ და არა ქართველი ხალხის მიმართ და ალბათ ამიტომ ნაკლებად გულით უდგება ამ საკითხს. იქ რომ ყოფილიყო გამოფენილი რომელიმე დანიელი კრიმინალის ფოტო, დარწმუნებული ვარ, საკუთარ საქმედ ჩათვლიდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ. მაგრამ საკითხი ქართველ ხალხს ეხება და მათ მიმართ განმარტებებით თავს არ იწუხებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირის მისია, რომელიც პროცესს ჯერ შორიდან აკვირდება, დასკვნას ანგარიშში ასახავს.

„სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე. განსაკუთრებით გამოიკვეთა დარღვევის სხვადასხვა სახე, მათ შორის, უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში. დანიის მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი მაგალითი. პროპაგანდას ეწევიან პარტიები, ვხედავთ, რომ კრიმინალის რომანტიზება ხდება საარჩევნო აგიტაციის შეხვედრებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებით რადიკალური პარტიები ეწევიან აგიტაციას. ვნახეთ „ენდიაის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებები, როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რაც არის დარღვევა ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეხვედრები, სადაც პირდაპირ აგიტირებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმედი მაქვს, „ეუთო/ოდირის“ მისია, რომელიც პროცესებს ჯერ შორიდან აკვირდება, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დასკვნებს ასახავენ. ჩვენ ამას ვაკვირდებით და გვაქვს შესაბამისი საჯარო რეაგირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში