ჩვენ მზად ვართ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები - პრემიერი

31 ივლისი 2024, 12:08 403 ნახვა

ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. შესაბამისად, ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის და მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს.

„სინამდვილეში თუ ნახავთ „მეგობარი აქტის“ შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი – ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება, აქტს დაარქვა მეგობარი აქტი და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ ველოდებით პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს.

რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში