ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული რევაზ ცეცხლაძე სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა პროკურორი და განმარტავდა, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მით უფრო რომ პროკურორის განმარტებით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.
პროკურორის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და აცხადებდა რომ მტკიცებულებები არ არის საკმარისი და პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
გამოძიების ვერსიით, 15 ივლისს, ერთ-ერთ ბარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის აჩი წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.