საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

09 ივლისი 2024, 10:16 251 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში