რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, სიმართლე არ არის მათ მხარეს და ინტელექტუალური რესურსიც ძალიან მწირად არის წარმოდგენილი - პრემიერი

28 ივნისი 2024, 12:57 283 ნახვა

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინტელექტუალური რესურსი ოპოზიციის მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს.

„გასული წლების განმავლობაში, პირველ რიგში, ამ მოწვევას გავიხსენებ, ყოველ ჯერზე მათ წააგეს პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერზეც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადად, ჩემთან მათ უკვე ოთხჯერ ჰქონდათ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ ჩემთან დებატები, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა უკვე, როდესაც სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა.

 

აქედან ჩანს ორი რამ, პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე – რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“, მმართველ გუნდთან დებატებში შემოსვლას, თუმცა ეს არის მათი საქმე, ჩვენი საქმეა საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ განახორციელა გასული ერთი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები.

პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა ქვეყანა ხელოვნურად შექმნილ ტურბულენტობაში აცხოვრეს, რაც ძალიან სამწუხაროა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი