მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

11 ივნისი 2024, 12:12 401 ნახვა

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 88 280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი (მათ შორის ელექტრო სიგარეტი), აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი