ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ ითხოვა არგუმენტები, რაც მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სახით.
კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს უკვე აქვს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების რეგულირება. თანამომხსენებლების აზრით, ხელისუფლებას შეუძლია, ფოკუსირებული იყოს ამ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებაზე, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს და ეს გააკეთოს ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
განცხადებაში წერია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამართავს დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ვილნიუსში 24 მაისს დაგეგმილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში შედგება.