ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში, თუ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება,  პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას - შარლ მიშელი

14 მაისი 2024, 14:15 405 ნახვა

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში, მაგრამ თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

„რატომ? რადგან რამდენიმე წლის წინ მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა როლი, დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში. ასევე რამდენიმე თვის წინ, შემიძლია გითხრათ, რომ ევროპულ საბჭოში, 27 წევრ სახელმწიფოში არ იყო უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მაგრამ ჩვენ, რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ერთად დარწმუნებული ვიყავით, რომ ბევრი მიზეზით, ეს იყო კარგი არჩევანი, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ დაგვერწმუნებინა ისინი, განეხორციელებინათ რეფორმები, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო და გასულ წელს გადაედგათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გასული წლის ბოლოს ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მცდელობას, მიიღონ ეს კანონპროექტი. ვნახოთ, რას გააკეთებს პრეზიდენტი. მას აქვს ვეტოს უფლება.

ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური. ჩვენ კონტაქტზე ვართ საქართველოს მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში, მაგრამ თუ მათ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება, თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პრინციპებს. მკაფიო უნდა ვიყოთ და ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოები. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ მათ დარწმუნებაში, შეასრულონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო პირობები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, მიშელის განცხადებით, ძალიან ნათელია, რომ რუსეთის მიზანია, ყველგან ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პრინციპებს ან კანონის უზენაესობის გაძლიერების მცდელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი