ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს - შალვა პაპუაშვილი

03 მაისი 2024, 12:29 346 ნახვა

ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრა, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს არ ჯდება, ერთი მხრივ, იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, ნდობით ურთიერთობასა და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია. თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი