ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით პარტიის „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წარმომადგენლებად.
ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება და არ ჩადის საქართველო და არ ჩადის აზერბაიჯანი. ესეც ხომ აჩვენებს, რომ რაღაც არის არასწორი მათ ქცევაში. ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში, აქვთ ქართველი ხალხის მიმართ მტრული რიტორიკა, მტრული რიტორიკა ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯეოშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრება. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით ევროპარლამენტში, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტში არის, ეს ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.