ვიქტორ ორბანის განცხადებით ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

17 აპრილი 2024, 19:03 305 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრა ბრიუსელში, ევროპელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

„ივნისში დაგეგმილი ევროპული არჩევნების აზრი ხელმძღვანელობის შეცვლაშია. ხელმძღვანელობა ცუდი თუ გამოდგა, აუცილებელია მისი შეცვლა. ეს მარტივია“, – განაცხადა ორბანმა.

„ვფიქრობ, თავისუფლება ევროპაში, და განსაკუთრებით, ბრიუსელში, საფრთხეშია, როგორც ეს გუშინ გამოჩნდა კიდეც. დავარქმევთ ამას კომუნიზმს თუ არა, ჩვენ ვცხოვრობთ შევიწროების ზღვარზე ევროპაში“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანი მონაწილეობს „ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციაში“, რომლის გამართვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბრიუსელის მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები. მათი განკარგულებით, პოლიციამ სცადა ღონისძიების გაუქმება, თუმცა ორგანიზატორებმა სასამართლოს მიმართეს და კონფერენციის ჩატარების ნებართვა მიიღეს. ამ საკითხზე საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი 1980-იან წლებში კომუნისტების ქცევას შეადარა.

ორბანმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა მისივე შეფასებით, ეს არ არის უნგრელების ომი. როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინა უკვე არის ქცეული დასავლეთის „პროტექტორატად“, რადგან ევროკავშირისა და აშშ-ისგან იარაღის, ფულის გარეშე უკრაინის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

ორბანის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკრაინის ნატო-ში პოტენციური ინტეგრაციის გამო დაიწყო.

„რუსები ყოველთვის ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ყოველთვის რაღაც იყოს. ბუფერული ზონა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ორბანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში