აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს. ამის შესახებ, ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის დაზვერვაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კერძოდ, საუბარია უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების გადატანაზე, რაც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ ირანი ისრაელზე დარტყმებისთვის საკუთარი ტერიტორიიდან ემზადება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-მა დააფიქსირა, თუ როგორ მზადდებოდა 100 ფრთოსანი რაკეტა გასაშვებად.
ანონიმური წყაროს განცხადებით, ვაშინგტონი ჯერ ცალსახად ვერ ადასტურებს, რომ ირანი ისრაელზე დარტყმას საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანს, რადგანაც შეიარაღების გადაადგილება შესაძლოა, იყოს ისრაელისა ან აშშ-ის მხრიდან, სავარაუდოდ, საპასუხო დარტყმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზადების ნაწილი.
„სიენენის“ ცნობით, ირანს არ სურს, ჩათრეული იყოს ისრაელთან და აშშ-თან კონფრონტაციაში და ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ თეირანმა ისრაელზე პირველი დარტყმებისთვის საკუთარი მარიონეტები გამოიყენოს.
როგორც ცნობილია, ისრაელი და აშშ ემზადებიან ირანის მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმებისთვის, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდაა მოსალოდნელი. ამ დარტყმას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.