ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა და პირველმა ახსენა რუსული კანონპროექტი, სამწუხაროდ, ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას - პაპუაშვილი

03 აპრილი 2024, 15:00 526 ნახვა

საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განცხადებებმა, რომელიც გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა, ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას.

„ერთ-ერთმა ელჩმა დაბრენდა, პირველმა მან ახსენა რუსული ამ კანონთან დაკავშირებით, რაც იყო ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამწუხაროდ, ცუდი როლი შეასრულა და ამით ბიძგი მისცა დეზინფორმაციულ კამპანიას. ავიღოთ ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა ჯარიმების დაფარვას, „დემოკრატიის ინიციატივა“ იყო მგონი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვებგვერდზე USAID-ის ლოგო იყო და მან მოახსნევინა ლოგო. შემდეგ გააჩინეს „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ლოგო. აღმოჩნდა, რომ თურმე იქიდან ფინანსდებოდა. მანამდე მალავდნენ.

 

საქმე რომ გასკდა, რომ ჯარიმები ფინანსდებოდა, შემდეგ მოუწიათ აღიარება, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ იყო შემოსული. ეს ფონდები რასაც აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ ვართ. საქართველო სხვანაირი ევროპის თანაშემოქმედია და არა იმ ევროპის, რომელიც გაუმჭვირვალედ აფინანსებს სხვა ქვეყანაში რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს და პარტიებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაში შარშან შეძლეს, რომ საზოგადოებისთან ბრენდებით ესაუბრათ და არ შესულიყვნენ შინაარსში, წელს კი, მოუწევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა.

„განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში. იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც, პლენარულ სხდომაზეც. მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო. რა არის იმის საწინააღმდეგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ფინანსდებიან უცხოეთიდან, მათ საზოგადოებას უთხრან, ვისგან ფინანსდებიან, რა თანხით  და რა მიზნებით. ამიტომ, თუკი რამე სათქმელი აქვთ, შემოვიდნენ დისკუსიაში და თქვან, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. ხედავთ ისტერიის მცდელობას, მაგრამ საზოგადოებამ ეს კარგად იცის და თავს არ მოატყუებინებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება ევროკავშირის დირექტივის პროექტიდანაა აღებული.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ პროექტში კიდევ უფრო მძიმე ტერმინოლოგიაზეა საუბარი.

„ეს დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. ზუსტად ამ ტერმინოლოგიას იყენებს. იქ საერთოდ კიდევ უფრო მძიმე ტერმინია, უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობაზეა საუბარი. დირექტივა ეხება უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობას, უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან, სადაც საუბარია უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი