ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან დაკავშირებული საკითხები მათი აქტიური ჩართულობით განხორციელდეს - გიორგი ამილახვარი

29 მარტი 2024, 14:52 389 ნახვა

გადავწყვიტეთ, დღეს ქუთაისში გაგვემართა მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის კონცეფციის ჩამოყალიბება და განხორციელება ჩვენ დაგვევალა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან დაკავშირებული საკითხები მათი აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ მოკლე პრეზენტაცია, თუ როგორ ვფიქრობთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ თქვენი მოსაზრებები, რათა საბოლოოდ დავხვეწოთ ეს კონცეფცია და განვახორციელოთ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს სამინისტროს უკვე დაემატა ახალგაზრდობის მიმართულება, ახალგაზრდობის პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ განათლების ერთიან პოლიტიკასთან ერთად ახალგაზრდული მიმართულების დაგეგმვაც. პრემიერთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც ასევე წარმოვადგინეთ მიმდინარე წლის მასშტაბური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ფესტივალი, ბანაკები, თემატური ბანაკები თუ საგრანტო კონკურსები. ამიტომ რა თქმა უნდა, დისკუსიის დროს შეგიძლიათ ამ საკითხებზეც გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, ვინაიდან ჩვენი გადაწყვეტილებაა და ბატონი ირაკლი კობახიძე ამ საკითხს პირველივე დღიდან ძალიან აქტიურად ჩაუდგა სათავეში, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მივიღოთ რაც შეიძლება თქვენი აქტიური ჩართულობით, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება და კიდევ უფრო დაიხვეწება ის კონცეფცია, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი