იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს - ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2024, 15:07 471 ნახვა

გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების მხრივ, რომლებიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისი მზად არის ამ პროცესში დადებითი როლის შესრულებისთვის.

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და, საბოლოო ჯამში სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ კი, თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, პირველ ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ. დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

"ჩვენი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ქვეყნის მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება  ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი