არასამთავრობო სექტორში დომინირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები, ამიტომ ისმის მუქარები აღასრულონ ვენდეტა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში - პაპუაშვილი

22 მარტი 2024, 11:25 440 ნახვა

სამოქალაქო საზოგადოება სავსეა ხალხით, რომლებიც, სააკაშვილის პერიოდში არა უბრალოდ საჯარო სამსახურში, არამედ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე.

„ასეთი განცხადებები და პირდაპირი მუქარა არის შედეგი იმის, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან „ნაციოანალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები. ნოდარ ხარშილაძე გახლავთ თავდაცვის და შსს-ს ყოფილი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დღეს უცხოური დაფინანსებით როცა ხდება იმის წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს, ერთი მხრივ, არის ცინიზმი, მეორე მხრივ, ზუსტად ის ნირი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში – პირდაპირ მუქარა და უკვე ასრულებული მუქარა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი იმავეს აგრძელებენ. ამიტომ ეს წამოცდენები არ არის შემთხვევითი. ზუსტად ეს არის იმ მუქარის შედეგი. პრობლემა ის არის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან და ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, თითქოს ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.

 

სამოქალაქო საზოგადოება თუ არასამთავრობო სექტორი სავსე არის ხალხით, რომლებიც, სააკაშვილის პერიოდში არათუ უბრალოდ საჯარო სამსახურში, არამედ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები იყვნენ. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. სწორედ ამიტომ ისმის მუქარები პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისად, არის  მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაიწყონ, აღასრულონ ის ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დონორების მხრიდან ყრუ კედელს აწყდებიან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოუწოდეს გაასაჯაროონ საკუთარი დაფინასებები საქართველოში, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია მალავს ინფორმაციას.

„ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი „ენჯეოების“ დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ვნახეთ აღიარება, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინასებები საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში.

კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში არ სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს. ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული. ასე რომ, ეს ფაქტები, ჩვენთვის შემთხვევით ხდება ხოლმე ცნობილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯაროონ თავისი დაფინანსება, ვინაიდან, ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი