საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - იენს სტოლტენბერგი

18 მარტი 2024, 16:01 559 ნახვა

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი.

„ბატონო პრემიერო, მიხარია თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ახლა აქ ვარ. ეს ასახავს, რამდენად ღირებულია ჩვენთვის საქართველო-ნატო-ს პარტნიორობა, ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია.

 

საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა.

ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში.

რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმს, სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო.

ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი