მომხმარებელთა უფლებების ცენტრის განმარტებით, ახლადამოქმედებული კანონი ხარვეზებს შეიცავს და მისი აღსრულების რეალური მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, სარეკლამო SMS–ებს აბონენტები კვლავაც მიიღებენ.
"1. უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი ქართული კომპანიების უმრავლესობა SMS მარკეტინგისთვის ქირაობს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომლებიც რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ათასობით შეტყობინებას ავტომატურად აგზავნიან. შესაბამისად, უცხოური პროვაიდერების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ინსპექტორი მათ სანქცირებას ვერ შეძლებს. რეკლამის დამკვეთები კი, სააბონენტო მონაცემებს თავად არ ამუშავებენ და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა მათ ვერ დაეკისრებათ.
2. ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად, SMS რეკლამის მიმწოდებლებს და ზოგადად, ალფანუმერული შეტყობინებების პროვაიდერებს სპეციალური რეგისტრაცია მოეთხოვებათ. თუ ისინი რეგისტრირებულნი არ არიან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს არ აქვთ უფლება, გაატარონ მათი SMS გზავნილები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათი რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რაც კანონის აღსრულებას უზრუნველჰყოფს. საქართველოში ასეთი რეგისტრაცია ალფანუმერული SMS–ების მიმწოდებლებს არ მოეთხოვებათ და შესაბამისად, მათი გზავნილებიც შეუზღუდავად ვრცელდება.
3. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და ა.შ.შ.–ში მოქმედებს სპეციალური რეესტრი, სადაც აბონენტებს შეუძლიათ აღრიცხონ თავიანთი ნომერი და ყველა კომპანიას ერთდროულად აუკრძალონ მასზე ყოველგვარი სარეკლამო SMS–ის გაგზავნა. თუ კომპანიები რეკლამას გაუგზავნიან ამ ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტს, ისინი სანქციებს ექვემდებარებიან. საქართველოში კი, მომხმარებლებს მოუწევთ თითოეული კომპანიის რეკლამაზე ცალ–ცალკე განაცხადონ უარი და ხშირ შემთხვევაში, ამას, ზემოთ აღწერილი ხარვეზების გამო, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
4. ევროპის ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. „წყნარი საათების“ წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საღამოს საათებიდან დილის 9 საათამდე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აკრძალულია. საქართველოში ასეთი აკრძალვა არ არსებობს და ზოგჯერ, მომხმარებლები სარეკლამო გზავნილებს ღამის საათებშიც კი ღებულობენ. ამას ისიც განაპირობებს, რომ რეკლამის პროვაიდერები ხშირად საზღვარგარეთ, განსხვავებული დროის სარტყელში ოპერირებენ. ღამის საათებში რეკლამის გაგზავნა შესაძლოა, აგრესიულ და არასამართლიან კომერციულ პრაქტიკად ჩაითვალოს, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში მკაფიო რეგულაციები ამ მხრივაც არ არსებობს.
მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა პეტიცია 1000 მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც ამ სფეროში კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას მოითხოვს. თუმცა, ჯერ–ჯერობით ხელისუფლებისაგან არსებითი პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნავენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრში.